„ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ინტერფრაქციულ ჯგუფს შექმნიან, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე იმუშავებს

ახლა, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ, ქვეყანამ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება ნატო-ში გაწევრიანების გზით, -ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონსტრუქციული იყო დისკუსია პარლამენტში, რომელიც ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე გაიმართა.

„შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრები რეგულარულად იქნება. ფრაქციები „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შემდეგ კვირაში ხელს მოვაწერთ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მუდმივად იმუშავებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე და ამ პროცესის დაჩქარებაზე. ასევე, ვფიქრობთ, რომ ერთად უნდა შევიმუშაოთ ეროვნული პროგრამა საქართველოს განვითარების მიმართულებით, იმიტომ, რომ დეკლარაციების დრო დასრულდა. ახლა, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგემილი იმისათვის, რომ, ქვეყანამ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება ნატო-ში გაწევრიანების გზით. შარლ მიშელის დოკუმენტით, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, დიდი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ განვაახლოთ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხის შესახებ მსჯელობა“, – აცხადებს ჯაფარიძე.