„რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში – დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში, უმეტეს შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების  რისკებს – პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა – თენგიზ ცერცვაძე

„დიდი დახმარება ამერიკიდან. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება კოვიდ პაციენტების წარმატებულ მართვაში, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე  განცხადებით , საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას.

„პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი კოვიდ აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა „რემდესივირის“ ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი „რემდესივირის“ ფასმა 1 000 დოლარს მიაღწია.

ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან „რემდესივირის“ მოწოდებაში. „გილეადის“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული „რემდესივირის“ – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, საქართველომ ამერიკული კომპანია „გილეადისგან“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტ „რემდესივირის“ორიგინალი წარმოების 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო.