2-3 თვეში, შეიძლება „ინდური შტამი“ დომინანტური გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს ე.წ. ბრიტანული შტამი. ესაა ყველაზე ცუდი სცენარი – ივანე ჩხაიძე

„მასობრივი იმუნიზაციის კამპანია ერთ-ერთი ნაბიჯია, იმ შედეგის მისაღწევად, რაც გულისხმობს მინუმუმ 1 600 000 ადამიანის ვაქცინაციას. ასე რომ, მზადება არის ერთი ვაქცინების რაოდენობის მიხედვით და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის, თუ არა სამედიცინო სისტემა ამისათვის მზად?! არის, თუ არა შესაბამისი სივრცეები?!”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, 10%-დან 20% ვაქცინას არც ერთ შემთხვევაში არ გაიკეთებს.

„სრულიად ილუზიის გარეშე ვთვლით, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი – 10%, მაქსიმუმ 20% ვაქცინას არც ერთ შემთხვევაში არ გაიკეთებს და ვერ დააჯერებ ვერც ერთი არგუმენტით.

ყველაზე უარესი სცენარი, რაც დღეს განიხილება – ჯერჯერობით მსოფლიოში ორი ქვეყანაა, სადაც ე.წ. ინდური შტამი დომინანტურია, ესაა: ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი. საქართველოდან გამომდინარე, ყველაზე ცუდი სცენარი გახლავთ ის, რომ არა რა თქმა უნდა, 1-2 თვეში, ჩვენ ჯერ 20 ინფიცირებული გვყავს „ინდური შტამით“, მაგრამ ალბათ, ჩვენთან 2-3 თვის შემდეგ ეს სცენარი უნდა იყოს განხილული – შეიძლება „ინდური შტამი“ დომინანტური გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს „ბრიტანული შტამი“, – განაცხადა ჩხაიძემ.