გია ვოლსკი ოპოზიციას: დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, სადაც წერია, რომ ომის დაწყება საქართველომ განაპირობა

„დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, სადაც წერია, რომ ომის დაწყება საქართველომ განაპირობა. განცხადებები იყო 6 აგვისტოს, 7 აგვისტოსაც კი, რომ რუსეთი ამ პროცესებში არ მონაწილეობს და გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიმართეთ, ხალხი ჩატოვეთ, სამოქალაქო პირები მყავს მხედველობაში და ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც რაღაც გაუგებარს ვზეიმობდით, როგორ ჩამოვხსენით რუსეთს ნიღაბი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისია, ყველას მონაწილეობით, პროდუქტიულად იმუშავებს.

„უამრავი არგუმენტი და ფაქტი შეგვიძლია, დავდოთ იმის თაობაზე, თუ რა უმძიმესი შეცდომები იყო ჩადენილი. ასე რომ, დავფიქრდეთ და ერთად ვიმუშაოთ. არის რაღაც გარკვეული ნიშნები, წინა კომისიიდან მოყოლებული – კარგი ტრადიციაა ყველას მონაწილეობით, რომ ვკამათობთ, საკმაოდ მწვავედაც, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გვაქვს კონსენსუსისკენ სწრაფვა. დავიწყეთ მუშაობა და იმედია, რომ პროდუქტიულად გავაგრძელებთ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.