ნინო ლომჯარია: ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ, რადგან წარდგენილი ქმედება ფულის „გათეთრების“ ნიშნებს არ შეიცავს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს ფულის გათეთრებაზე წარდგენილი ბრალი უნდა მოეხსნათ, ვინაიდან მტკიცებულებები დანაშაულს არ ადასტურებს.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატმა სასამართლოს მიმართა, რომ ბრალის ადეკვატურობაზე იმსჯელოს.

“ჩვენი პოზიციაა ის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ, რადგან წარდგენილი ქმედება, საერთაშორისო პრაქტიკით და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობითაც, არ შეიცავს ფულის „გათეთრების“ დანაშაულის ნიშნებს.

ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს ფულის გათეთრების დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, გაანალიზებული გვაქვს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებუკებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია ფულის გათეთრების დანაშაული. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს იმაზე, საერთოდ, რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი,”- განაცხადა ლომჯარიამ.