კარლ ჰარცელი – მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება

კარგი იქნება, პარლამენტი ამ თემაზე, ამ სიტუაციაზე თუ დაფიქრდება და პაუზას გააკეთებს,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა  მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახოს, რომ ეს დისკუსიები მიმდინარეობს პარლამენტში ისე, როგორც ამას საქართველოს მოქალაქეები მოელიან.

„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას, ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება უკვე რამდენჯერმე გამოვთქვი. კარგი იქნება, პარლამენტი ამ თემაზე, ამ სიტუაციაზე თუ დაფიქრდება და პაუზას გააკეთებს. ჩვენ მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და იფიქროს არსებულ ვითარებაზე იქამდე, სანამ მომავალ ნაბიჯებს გადადგამს და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება. კარგი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებებისა და წინსვლის სულისკვეთება 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე სრულად შესრულდება.

რაც შეეხება ოპოზიციას, 19 აპრილის დიდი მიღწევა იყო ის, რომ დისკუსიებმა პარლამენტში გადაინაცვლა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სულისკვეთების გაგრძელება და შენარჩუნება. დისკუსიები და განხილვები უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც უკავშირდება 19 აპრილის შეთანხმებას, იყო ის, რომ კრიზისის სულისკვეთება პარლამენტში შესვლისა და პოლიტიკური დღის წესრიგის წამოწევის სულისკვეთებით შევცვალეთ. ეს ცალსახად ფუნდამენტურია და ვფიქრობ, რომ ეს სულისკვეთება შენარჩუნებული უნდა იყოს. ეს დისკუსიები უნდა გაგრძელდეს მოსამართლეებთან დაკავშირებით და ასევე, სხვა თემებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, დავინახოთ, რომ ეს დისკუსიები მიმდინარეობს პარლამენტში ისე, როგორც ამას საქართველოს მოქალაქეები მოელიან,“ – განაცხადა ჰარცელმა.