„რომ გვცოდნოდა, ასეთ პირობებში მოგვიწევდა ყოფნა და მუშაობა, არც ერთი ჩვენთაგანი არ წავიდოდით – ვინც დაგვარწმუნა სამუშაოს პირობებში ვუჩივლებთ მათ” – გერმანიიდან დაბრუნებული ქართველები

გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.

ერთ-ერთი დასაქმებულის, ჯაბა ჩაჩანიძის თქმით, გერმანიაში რთული პირობები და სამედიცინო მომსახურეობაც კი არ იყო სათანადო.

“ეს რომ გვცოდნოდა, ასეთ პირობებში მოგვიწევდა ყოფნა და მუშაობა, არც ერთი ჩვენთაგანი არ წავიდოდით. ორ ადამიანს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რომელსაც არანაირი სამედიცინო მომსახურეობა არ გაეწია და ჩვენივე ხარჯებით ვმკურნალობდით,”- აღნიშნა ჯაბა ჩაჩანიძემ.

კიდევ ერთ დასაქმებულის  ნატო ფხალაძის განცხადებით, გადაწყვეტილი აქვს, რომ დასაქმების სააგენტოს უჩივლებს.

“ეს კონტრაქტი როდესაც გაფორმდა გერმანიასა და საქართველოს მხარეებს შორის, ისინი არც ფიქრობდნენ ჩვენს მოტყუებას, სავარაუდოდ. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვართ მოტყუებულები. ამიტომ. პირველ რიგში, ვინც დაგვარწმუნა სამუშაოს პირობებში ვუჩივლებთ მათ, დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებს,”- აღნიშნა ნატო ფხალაძემ.