რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – 19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ

19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ​- ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომელმაც ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში გამართა.

მისივე თქმით, რუმინეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

„19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ვიტყვი, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული დიპლომატიური ტური სამხრეთ კავკასიაში. 12 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპელ კოლეგებს და უმაღლეს კომისარს გავაცნობთ ამ ვიზიტის დეტალებს“, – განაცხადა ბოდგან აურესკუმ.

სამი ქვეყნის, ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის პირველი დიპლომატები,  დღეს უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.