თბილისის დიდი სინაგოგა ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას “პრაიდის” კვირეულის ჩატარება

თბილისის დიდი სინაგოგა განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას “თბილისი პრაიდის” კვირეულის ჩატარება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გამოხატვის თავისუფლება მტავარია, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავისმოხვევასთან.

თბილისის დიდი სინაგოგას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ საქართველოს ებრაელები და სხვა რელიგიების წარმომადგენელნი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობთ საქართველოში. ჩვენს შორის, განსხვავების მიუხედავად ამ ხნის მანძილზე თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვისათვის გადაცემა სჭირდება.

თანამედროვე რეალობამ ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით გვთავაზობს ფასეულობათა შეცვლას, არანორმალურის ნორმად და მისაღებად გამოცხადებას.

აქ შეკრებილი სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავისმოხვევასთან. ის რასაც გეგმავენ ე.წ. ,,პრაიდის“ ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით.

საქართველოში ლგბტ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო და მსგავსი ,,პრაიდები“ მიზნად ისახავს არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებას, ორგანიზატორთა მცირე ჯგუფის სასარგებლოდ. ამისათვის ისინი არ ერიდებიან ამ საკითხის ირგვლივ ხელოვნური კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით.
ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. ,,პრაიდის‘‘ ჩატარება. მივმართავთ საერთშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებთ საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული”, – ნათქვამია განცხადებაში.