შსს-მ მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე 3 პირი დავაკავა

ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა – ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ის ცნობით, გუშინ ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

ამ დრომდე მედიის ექვსი წარმომადგენელი კლინიკაში რჩება.

შეგახსენებთ, 1-ლი ივლისიდან საქართველოში “თბილისი პრაიდის” კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.

მოწინააღმდეგე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები,მოგვიანებით “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში შეჭრა სცადეს. დღის განმავლობაში გამართულ აქიებზე კი ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი მოვლენების გამო, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა.