ანრი ოხანაშვილი – იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან, არც ქართულ ტრადიციებთან – ამაზე ადეკვატური რეაგირება იქნება

“იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან, არც ქართულ ტრადიციებთან და საერთოდ არც არაფერში ჯდებოდა,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა  5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოხანაშვილმა ძალადობის ფაქტები დაგმო და განაცხადა, რომ რაც მოხდა, ამას ექნება ადეკვატური და პროპორციული რეაგირება.

„კიდევ ერთხელ მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტებთან მიმართებით ძალადობას, შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და სამართალდარღვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ. ამას ექნება ადეკვატური, პროპორციული, სამართლებრივი რეაგირება.  შესაბამისად, ძალიან მძიმე, ცუდი საყურებელი იყო და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც უწევდა თითოეულ მათგანს, რათა დაეცვა ჟურნალისტები თუ მოქალაქეები. კიდევ ერთხელ, ჟურნალისტებს გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით, აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, 1-ლი ივლისიდან საქართველოში “თბილისი პრაიდის” კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.

მოწინააღმდეგე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები,მოგვიანებით “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში შეჭრა სცადეს. დღის განმავლობაში გამართულ აქიებზე კი ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი მოვლენების გამო, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა.

შსს-ის ინფორმაციით, 5 ივლისს განვიტარებული მოვლენების დროს, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა.