მოვამზადეთ პროგრამა, რომელიც ოჯახებს პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, ბინისთვის სესხის სულ მცირე 6%-ს დაუფინანსებს, მესამე და მომდევნო შვილებზე – 8%-ს – ნათია თურნავა

კიდევ ერთი სპეციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მოვამზადეთ და ვფიქრობთ, ძალიან მოთხოვნადი და აქტუალურია, არის პროგრამა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030“ პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გასცემს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი, მოინდომებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ბინის შეძენას.

ნათია თურნავას თქმით, პროგრამა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

„განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, ჩვენს მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება, მესამე ან ყოველ მომდევნო შვილის შემთხვევაში კი, საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამა. როგორც კი ის დამტკიცდება, ამოქმედდება ვფიქრობ, ბევრი ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით. პროგრამა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.