ამირან გამყრელიძე – ვაქცინაციის პროცესში თითოეული უწყებისა და ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა საჭირო, სასურველია, შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო უნივერსიტეტებით, სკოლებით, ბაღებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტივობის გასაზრდელად საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია, მუშაობა მოსახლეობასთან.

„საჭიროა, მეტი ინფორმაციული, საკომუნიკაციო მუშაობა მოსახლეობასთან, ასევე თითოეული უწყების და ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა, რომ იყოს აცრილი.

მივესალმებით სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივას, რომელმაც დააანონსა, რომ სტუდენტები და მასწავლებელები ძირითადად ყველა იყვნენ აცრილი შემოდგომისთვის და ამისკენ მოუწოდა სხვა უნივერსიტეტებსაც. სასურველია, რომ შემოდგომას ჩვენ შევხვდეთ ეგრეთ წოდებული უსაფრთხო უნივერსიტეტებით, სკოლებით, ბაღებით, რაც ნიშნავს, რომ ბაღის ყველა აღმზრდელი, სკოლის ყველა მასწავლებელი, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი და მასწავლებელი იყოს ორჯერადად აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ყველა ექიმი იყოს აცრილი და გვქონდეს უსაფრთხო ჰოსპიტლები.

„ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადამიანების 61% აცრილი. 10-დან 15%-ს აქვს გადატანილი ვირუსი და ჯერ 120 დღე არ გასვლია. გეგმა გვაქვს, რომ როგორც ერთ-ერთი მთავარი დაწესებულება აცრების პროცესში, 100%-ით შევხვდეთ აგვისტოს, აგვისტოს შუა რიცხვებს და ყველა ვიყოთ აცრილი. ისევე, როგორც აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ყველა ჩემი კოლეგა იყოს აცრილი და გვქონდეს უსაფრთხო ჰოსპიტლები, სამედიცინო დაწესებულება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.