ეკლესიაში რაც ხდება, ეს არის ანარეკლი ერში არსებული სიტუაციის – გიორგი კვირიკაშვილი

„ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან უღირსი საქციელით დააზიანა ქვეყნის ინტერესი”, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის საზოგადოების, სახელმწიფოს და ეკლესიის პრობლემა.

,,ეკლესიაში რაც ხდება ეს არის ანარეკლი ერში არსებული სიტუაციის. რა თქმა უნდა, ეკლესიაში მსახურობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა რომ ასეთ სიტუაციაში ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ეს არ არის გამორიცხული და ამის შესახებ საპატრიარქომაც განაცხადა. მე არ მგონია, რომ ეს ისეთი რამაა, რაც ჩვენ დღეს დავინახეთ პირველად. ეს არის სერიოზული პრობლემა, საპატრიარქოს და საზოგადოების  პრობლემაც.

ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან უღირსი საქციელით დააზიანა ქვეყნის ინტერესი, დააზიანა ჩვენი მოქალაქეების ზუსტად ის გრძნობები, რომლის დასაცავადაც ვითომ იქ იყვნენ მისულები. მე მგონია, რომ ასეთი ადამიანების მიმართ სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ქონდეს რეაქცია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.