წუწუნის და ნიშნის მოგების დრო არაა, ბრძოლის დროა და ეს ბრძოლა იქნება! – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მელია წერს, მოძალადობაზე საშიშია ყველა ის მოქალაქე, რომელებსაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლება არაფერ შუაშია.

“წლების განმავლობაში მომავალს საფრთხეს უქმნის ყველა მოძალადე, ყველა ქუჩაში შლეგად მორბენალი, მარბიელი ორკი.

მოძალადეებზე უფრო საშიშია ყველა მოქალაქე, რომელიც იჯერებს რომ დარბევებში და ძალადობაში ხელისუფლება არაფერ შუაშია. ამ ხალხის „რწმენით“ იკვებება და სულდგმულობს ბიძინას ხელისუფლება.

ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას!

ერთ მხარეს არიან ერთი მუჭა ხელისუფლებისგან გათავხედებული და გაქეზებული მოძალადეები და მეორე მხარეს შეშინებული, დაზაფრული ხალხი.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვიწევს არჩევანის გაკეთება და უნდა ავირჩიოთ:

ან მოძალადეები და ექსტრემისტების სათარეშო ტერიტორია, ან ამაყი და გამბედავი საქართველოან ღარიბაშვილ-კობახიძე , ან მომავალი

ან ბიძინა, ან ჩვენი შვილების მომავალი

ან რუსეთი, ან ცივილიზაცია!

წელს წერტილი უნდა დაესვას საქართველოს ნგრევას და დაესმევა კიდეც. მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით და ოქტომბერში დამთავრდებიან.

წუწუნის და ნიშნის მოგების დრო არაა, ბრძოლის დროა და ეს ბრძოლა იქნება! ბევრი იქნება ამ ბრძოლაში და ვიღაც არა, მაგრამ გაიმარჯვებს ის ვინც ბრძოლაში იქნება!” – წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები დილიდან მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ის ცნობით, დაშავდა სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად რუსთაველის წინ აქცია გაიმართა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე პირი დააკავა.

ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.