შს მინისტრის მოადგილე – ის რომ პოლონელი ტურისტის დაჭრა პრაიდს უკავშირდება სიცრუეა

ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს, არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან რაზეც საუბარი იყო არ აქვს, ის რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება სიცრუეა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ბრალდებული და ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

„ტურისტთან დაკავშირებით მოგახსენებთ – აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად – ეს მოხდა ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც როგორც ჩვენთვის ცნობილია და დედამაც გააკეთა განცხადება, ფსიქიურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს, არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან რაზეც საუბარი იყო, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება სიცრუეა. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია იქ, მიეჭრა ეს კონკრეტული პირი. ფაქტი მოხდა სულ სხვა ლოკაციაზე, სულ სხვა ადგილას. ჩვენ დაწყებული გვაქვს გამოძიება, დაკავებულია იცით ეს პირი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და გვეცოდინება საბოლოო პასუხი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.