ანა ნაცვლიშვილი – ხელისუფლების პოლიტიკა ნათელია, შუღლი დათესოს საზოგადოებაში

შეცდომა არ უნდა დავუშვათ და მოვლენები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ვითარდებოდა, შევაფასოთ როგორც ფრაგმენტულ და ცალკე აღებულ მოვლენად, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს, საზოგადოებაში შუღლი დათესოს.

„სამწუხაროდ, ხელისუფლების პოლიტიკა ნათელია, რომ საზოგადოებაში გათიშულობა და შუღლი დათესოს, რასაც „ქართული ოცნება” წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით აკეთებს. ამის გამოხატულება იყო ბოლო ორი დღეც. ეს დიდი სურათის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაა. ამას აჩვენებს პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილების მიმღები ნაწილის მოქმედებები, განცხადებები და პოლიტიკა. ეს არის ყველაზე საგანგაშო, რადგან საბაბს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რა ჩანს. ხელის გულზე ჩანს, რომ „ოცნების“ მცდელობაა, საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდეს. მთავარი, რაც მიმდინარე პროცესებში იკვეთება, ისაა, რომ ეს პროცესები გაგრძელებაა იმ სცენარის, რომელიც არ ვფიქრობ, რომ თბილისშია დაწერილი, ესაა საზოგადოებაში შუღლის გაღვივების პროცესი და ყველა, ვინც ამას ხელს უწყობს, ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება ამ სცენარის თანამონაწილე გახდეს. სამწუხაროდ, სასულიერო პირთა მხრიდან მომისმენია განცხადებები, რომლებიც არ ემსახურება საზოგადოების შერიგებას. მეორე მხრივ, გუშინ აქციაზეც იდგა რამდენიმე სასულიერო პირი, რომელიც ღიად აფიქსირებდა მოწოდებებს – არა ძალადობას. თვითონ ეკლესიის შიგნითაც ნათლად ჩანს, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა. სცენარი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო გადაიყვანოს ევროპული კურსიდან და დააბრუნოს რუსეთში, დაწერილია რუსეთში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.