ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას ერთი სული აქვს, საქართველოს სანქციები დაუწესდეს, თუმცა საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ საქართველოს სანქციებს არასოდეს დაუწესებენ

ოპოზიციას ერთი სული აქვს, საქართველოს სანქციები დაუწესდეს, თუმცა საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ საქართველოს სანქციებს არასოდეს დაუწესებენ, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, – განაცხადა თემის კომენტირებისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძემ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ სიტუაციას ვაკვირდებით“.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში გამოთქმული იყო შეშფოთება იმაზე, რაც 5 ივლისს მოხდა.

„რა თქმა უნდა, ამ ძალადობას ყველა ვგმობთ და ამ სულისკვეთებას ჩვენც ვუერთდებით. რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე. პასუხი ძალიან ზოგადი იყო – ზოგადად, ქვეყნებს, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, სანქციები უწესდებათ. საქართველო ის ქვეყანა არ არის, ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა. შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანს არ ველოდები.

ოპოზიციას ერთი სული აქვს, საქართველოს სანქციები დაუწესდეს, თუმცა საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ საქართველოს სანქციებს არასოდეს დაუწესებენ, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით. რეგიონში მხოლოდ სამხრეთ კავკასია არ იგულისხმება, იგულისხმება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი. თეორიული დაშვება, რომ საქართველოს ვინმემ შეიძლება სანქცია დაუწესოს, არის გამორიცხული. 5 ივლისს პოლიციელებისთვის ჟურნალისტებზე თავდასხმა მოულოდნელი იყო, შესაბამისად, მათ ჟურნალისტების სათანადოდ დაცვა ვერ შეძლეს. რაც მოხდა, ცუდი და არასასურველი ფაქტია; იმ მომენტში, პოლიციამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო, რაც სამომავლოდ გაკვეთილი იქნება“, – განაცხადა სამხარაძემ.