მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდვას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა გეგმავს, გასართობი ღონისძიებების შეზღუდოს, ვინაიდან “გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას”.

როგორც იგი ამბობს, მთავრობამ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.

“ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი”, – თქვა გაბუნიამ.