კვლევა – „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

ჩატარებული კვლევების მიხედვით, “ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია. ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევებმა აჩვენა, რომ “ფაიზერის“ ვაქცინა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია. „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია.

ამასთან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, „ალფას“ წინააღმდეგ კი – 74.5%-ით ეფექტურია.

მეცნიერები აცხადებენ, რომ „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ით ეფექტურია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, „დელტა“ ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დაფიქსირდა, მომავალი თვეების განმავლობაში მსოფლიოში დომინანტური იქნება. ამჟამად შტამი მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.