რაში სჭირდება კახა კალაძეს აგრესია, ძალადობა და ქაოსი, მე და ჩემ გუნდს ამ მეთოდებით არ გვიბრძოლია – კახა კალაძე

ის სიცრუე და ცილისწამება რაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს ან მერიას, ზოგადად ჩვენს ქალაქს და თრგუნავს საზოგადოებას, იწვევს ადამიანებში გაღიზიანებას – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კალაძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში თბილისში გავრცელებულ პლაკატებზე, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მედიამენეჯერები არიან გამოსახული და კატეგორიულად უარყო ამ ფაქტთან რაიმე კავშირი.

“რაში სჭირდება კახა კალაძეს აგრესია, ძალადობა და ქაოსი, მე და ჩემ გუნდს ამ მეთოდებით არ გვიბრძოლია. მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ მე და ჩემ გუნდს ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის, ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი პიარიც და იარაღიც ოპონენტებთან ურთიერთობისას.

ის სიცრუე და ცილისწამება რაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს ან მერიას, ზოგადად ჩვენს ქალაქს და თრგუნავს საზოგადოებას, იწვევს ადამიანებში გაღიზიანებას. მე მესმის, რომ როცა არჩევნები ახლოვდება, ეს არაა პირველი შემთხვევა, იმატებს ცილისწამება. მე მინდა ვთხოვო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ჩვენ ქალაქზე, არავითარ შემთხვევაში ამ აგრესიას და ძალადობას აგრესიით და ძალადობით არ ვუპასუხოთ და გავაგრძელოთ საქმის კეთება სიყვარულით, როგორც ეკადრება ამ ქალაქს და როგორც გვჩვევია. დეზინფორმაციას დავუპირისპირებთ სიმართლეს და განვითარების პერსპექტივას,” – განაცხადა კახა კალაძემ.