“წყლის ტარიფის გადახდის ახალი ფორმა არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას!”

დღეს, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერები თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებულნი, ზოგი პარტია საერთოდ დაიშალა და ზოგიც – გაბუტულია ქართველ ამომრჩეველზე, ამ ვითარებაში პარტია „მემარცხენე ალიანსი“ კვლავ ხალხის გვერდით დგას და მათი ინტერესების დაცვას აგრძელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათაო ოფისში დღეს პარტია “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანიამ და სხვა ლიდერებმა კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი ცხადაძის სახელზე საპროტესტო წერილი შეიტანეს, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გადასახადის გადახდის ახალი ფორმის შემუშავებას შეეხება.

აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ბ-ნო გიორგი, თქვენი გადაწყვეტუილება წყლის ტარიფის ახალი გადახდის ფორმასთან დაკავშირებით არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად, არ შეიძლება, რომ მომხმარებელი ერთ პროდუქტში 2-ჯერ და მეტჯერ იხდიდეს გადასახადს. თქვენ მოახდინეთ საქართველოს კანონმდებლობის თქვენეული ინტერპრეტაცია და ისედაც სოციალურად დაუცველ საქართველოს მოსახლეობას, თქვენს მიერ მოწოდეპულ პროდუქტზე ზედმეტად დაუწესეთ გადასახადი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თქვენი ოპერირების სფეროში მყოფ ზოგიერთ რაიონს ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდება წყალი, ასევე, ხშირ შემთხვევაში, წყლის ხარისხი არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს, ამასთანავე, საქართველოში დაწესებული წყლის გადასახადი ისედაც არაადეკვატურად მაღალია.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოგიწოდებთ, აღადგინოთ ძველი გადახდის ფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის ყველა კანონიერ ზომას, მათ შორის  პოლიტიკურს და სამართვლებრივს“ – ნათქვამია საპროტესტო წერილში.

კომენტარის დატოვება