„ქორწილი“ საბავშვო ბაღში-პროგრამული თემაა, თუმცა პედაგოგმა შეცდომა დაუშვა და საყვედურიც მიიღო“

დღეს ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც საბავშვო ბაღში „ქორწილის“ სცენას ასახავს, საზოგადოების აღშფოთება და უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. დაიწერა უამრავი კომენტარი,  შეფასებები ერთგვაროვანი იყო და საზოგადოების პროტესტს გამოხატავდა.

სოციალურ ქსელში ამტყდარი აჟიოტაჟის შემდეგ ვიდეოები წაიშალა, თუმცა სხვადასხვა ტელევიზიისა და სააგენტოს გვერდებზე ამ დრომდე დევს. ვიდეო-მასალა გვაქვს ჩვენც, მაგრამ რიგი მოსაზრებების გამო თავიდან აღარ ვასაჯაროვებთ.

ვიდეოს ნახვის და კომენტარების წაკითხვის შემდეგ კომენტარისთვის ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ნინო ბურძენიძეს დავუკავშირდით.

-„სასწავლო სააღმზრდელო პროგრამის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო პირდაპირ ითვალისწინებს 4 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში თემა-ქორწილის გავლას. ეს არის აქტივობების კრებული, რომელიც აძლევს ბავშვებს ცოდნას ტრადიციული ქორწილის თაობაზე-ამ დროს პატარები ისმენენ მენდელსონის მარშს, ათვალიერებენ ქორწილის სურათებს, თავად ქმნიან ქაღალდებისგან საქორწილო კაბებს, თაიგულებს, მოსართავებს ანუ თავიანთი ხელით აკეთებენ აქსესუარებს. აღმზრდელი უკითხავს „ჩხიკვთა ქორწილს“. ეს თემა არის საკითხის „ოჯახი და მეგობრების“ ერთ-ერთი ქვესაკითხი. სკოლამდელი აღზრდის სამსახური მუდმივად უწევს კონსულტაციებს ბაღების აღმზრდელებს, ერთად განვიხილავთ ჩასატარებენ ღონისძიებებს, ფორმებს და სხვა, ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველა აქტივობა დადებითად უნდა მოქმედებდეს ბავშვზე, უნდა იყოს გაკეთებული გათვლა იმაზე, რაც აინტერესებს ბავშვს, თუმცა ბაღებს აქვთ სრული თავისუფლებაც და ზოგჯერ ეს თავისუფლება სრულდება ისე, როგორც ამ შემთხვევაში ვნახეთ.

რაც შეეხება კონკრეტულ ვიდეოს, მე რამდენჯერმე ვუყურე და დანაშაული ვერ დავინახე, პედაგოგს ნამდვილად აქვს გადაცდომა, მას მოუვიდა შეცდომა იმაში, რომ სიძე-პატარძლის როლი მოარგო ბავშვებს. მას სიძე-პატარძლად უნდა გამოეყენებინა თოჯინები.როგორც მასწავლებელმა გვითხრა, ბავშვებმა თავად სთხოვეს თვითონ ყოფილიყვნენ როლებში და პედაგოგმაც ხათრი ვერ გაუტეხა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას არ აცვია არანაირი საქორწილო კაბა და აშკარაა, რომ ეს არ არის ზეიმი და ეს არის რიგითი გაკვეთილი,  ვინაიდან სააგენტოც არ ეთანხმება ამგვარი ცერემონიების გამართვას ბაღში და პედაგოგმაც დაუშვა შეცდომა, ის  მიიღებს სამსახურეობრივ გაფრთხილებას. კიდევ ვიმეორებ-აღმზრდელი დაჰყვა ბავშვების ნებას და ათამაშა როლი იმის მაგივრად, რომ  გამოეყენებინა თოჯინები. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გვინახავს ქორწილის სცენები და მეტიც, სპეციალურ კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები სცენაზე, არ ვამართლებთ 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს, რომელმაც დაუშვა შეცდომა ერთი ნიუანსით-არ გამოიყენა თოჯინები“-გვითხრა ნინო ბურძენიძემ.

სააგენტო აღნიშნულ თემაზე საქართველოს სკოლამდელთა განვითარების და უფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელს, მზია ფაილოძეს დაუკავშირდა.

-„როდესაც სოციალურ ქსელში ეს ვიდეო გამომიგზავნეს, სანამ გავხსნიდი და ვნახავდი, ყურადღება მივაქციე კომენტარებს. მათი შინაარსიდან გამომდინარე მეც აღვშფოთდი და როცა გავიგე რომელ ბაღზე იყო საუბარი, ძალიან გამიკვირდა, რადგან დირექტორი, ქალბატონი მზია ჯიბლაძე საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალია, ის უკვე წლებია მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება. მერე ვიდეოც ვნახე. თქვენ იხილეთ ქორწილის სცენა, მაგრამ ეს არის პროგრამის შესაბამისად ჩატარებული. აღზრდის პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და დამუშავებულია „იუნისეფისა“ და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიერ. სააღმზრდელო პროგრამის 210-ე გვერდზე არის ოჯახი, ტრადიციები და დღესასწაულები. ერთ-ერთი თემაა ქორწილი. პროგრამაში მითითეულია თუ როგორ უნდა მიეწოდოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ქორწილის ტრადიციის შესახებ ცოდნა. ეს არის დღის თემა, რომელიც კვირის თემის ერთ-ერთი ქვეპუნქტია.

კვირის თემაა-ოჯახი და მეგობრები, რომელიც 6 პუნქტს მოიცავს:

1.ჩემი სამყარო.

  1. ოჯახი.
  2. ოჯახური დღესასწაული და ტრადიცია.
  3. ქორწილი.
  4. ოჯახის ახალი წევრები.
  5. მეგობრები

ყველა პუნქტს აქვს თავისი მინიშნებები, ახსნა-განმარტება თუ როგორ მივიტანოთ ბავშვებამდე.

ეს არ არის ზეიმი, ეს არის რიგითი საათი და რატომ იქნა ასე სააშკარაოზე გამოტანილი გაუგებერია. სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და  შეიძლება ბევრი ის ადამიანის წერს გაბრაზებული, რომლის ბავშვობამაც ამ დირექტორის ხელში გაიარა. პედაგოგს უნდა გაეფრთხილებინა ყველა, რომ ვიდეო არ გამოექვეყნებინათ, რადგან ვინც ასე ღრმად არ არის საკითხში ჩახედული, ბუნებრივია ცუდად გაიგებდა. საერთოდ კი, დღეს პედაგოგი იმდენად დატვირთულია და ისეთი დაბალი ხელფასი აქვს, არა მგონია პროგრამის გარეთ რაიმეს გაკეთება მოასწროს ან შეძლოს მატერიალურად, ასე რომ ეს ქორწილი პროგრამული თემაა და პედაგოგი ამ კუთხით დამნაშავე არ არის, თუმცა მეორე მხრივ, ეს არის რიგითი საათი, სასწავლო და ასეთი კომენტარები უფროსებისგან, რაც ვიდეოში ისმის, ყურს ცუდად ხვდება“-გვითხრა მზია ფაილოძემ.

 

 

კომენტარის დატოვება