საია: ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის სამინისტროს გაუქმების თაობაზე

საია  ხელისუფლებას მოუწოდებს  არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების თაობაზე და განცხადებას ავრცელებს:

,,29 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის (დიასპორის სამინისტროს) გაუქმების შესახებ, რაც დაუკავშირა „კონსერვატული“ დანახარჯების პოლიტიკას.

რამდენიმე დღეში – 8 ნოემბერს, ამას მოჰყვა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თემურ ჭკუასელის კომენტარი მედიასთან, სადაც მან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება იგეგმება. ონლაინ გამოცემა „ინფო-9“-ში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჭკუასელმა აღნიშნა, რომ დიასპორის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყმება და დეპარტამენტის სახით იფუნქციონირებს, რასაც სავარაუდოდ ასევე მოჰყვება კადრების შემცირება“ – აცხადებენ საია-ში იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის სამინისტროს გაუქმების თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამართოს საჯარო კონსულტაციები პროცესში ჩართულ პირებთან – მათ შორის, დიასპორულ ორგანიზაციებთან, ემიგრანტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა, რათა არ შეფერხდეს დიასპორის მიმართულებით მიმდინარე პროგრამების/სტრატეგიის განხორციელება და არ დაზიანდეს სახელმწიფოებრივად სტრატეგიული მიმართულება. ,,ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილოს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება