მიხეილ სარჯველაძე – ჟენევის ფორმატის შენარჩუნება არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობები შეიძლება ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, როცა გვაქვს ოკუპაცია, ეს გამორიცხულია

რუსეთის ფედერაციის პრობლემა იმაშია, რომ სათანადოდ არ აფასებენ ფაქტებს, რომელიც წინაპირობა უნდა იყოს შესაბამისი დასკვნების გაკეთებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ეს კამათს არ იწვევს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, დამნაშავე სწორედ რუსეთია. ეს არის ფაქტი. მით უმეტეს, სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს მოწმობს და ადასტურებს. დეოკუპაციის რეჟიმში მყოფი ქვეყნისთვის ასეთი განცხადება და შემოთავაზება მისაღები არ არის. ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე სხვა საკითხი არ განიხილება და ეს უნდა გაითვალისწინოს რუსეთმა.

ვიდრე არ მოხდება საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება რუსეთის მხრიდან ოკუპაციასთან დაკავშირებით, მანამდე განხილვად ეს ყველაფერი არ ღირს. ჟენევის ფორმატის შენარჩუნება ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია და უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობები შეიძლება ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, როცა გვაქვს ოკუპაცია, ეს არის გამორიცხული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.