ავღანეთში რუსეთის ელჩი თალიბებთან პერსონალის უსაფრთხოებაზე შეხვედრას გამართავს

რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ავღანეთში რუსეთის ელჩი დმიტრი ჟირნოვი 17 აგვისტოს თალიბანის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას რუსეთის მოქალაქეებისა და საელჩოს თანამშრომელთა უსაფრთხოების შესახებ.

ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ ქაბულოვმა რადიო „ეხო მოსკვის“ 16 აგვისტოს უთხრა, რომ ჟირნოვი თალიბანის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილავს, როგორ გეგმავს ჯგუფი ავღანეთის დედაქალაქში რუსეთის საელჩოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

თავდაპირველად მოსკოვმა განაცხადა, რომ არ აპირებს ქაბულში საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას, მაგრამ ქაბულოვმა თქვა, რომ საელჩოს თანამშრომელთა ნაწილს შვებულებაში გაუშვებენ ან ისინი ევაკუირებულ იქნებიან, რათა არეულობის პირობებში ნაკლები ადამიანი იყოს ადგილზე.

ჟირნოვის თქმით, თალიბანის პატრული უკვე იცავს რუსეთის საელჩოს.

„დღეს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენ გვიცავდნენ, წავიდნენ. თალიბანის წარმომადგენლებმა კვლავ გვითხრეს, რომ იქ მყოფი რუსი დიპლომატების ერთ თმასაც არ შეეხებიან და თქვეს ‘თქვენ უსაფრთხოდ შეგიძლიათ მუშაობის გაგრძელება’,“ განაცხადა ჟირნოვმა Rossia 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. რუსეთს ქაბულის საელჩოში დაახლოებით ასი თანამშრომელი ჰყავს.

15 აგვისტოს თალიბანმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დააწესა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე, მას შემდეგ, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში წარმოებული იერიშის შედეგად ქვეყნის უდიდესი ნაწილი ჩაიგდო ხელში მაშინ, როცა 31 აგვისტოსთვის აშშ-ის ყველა სამხედრო დატოვებს ავღანეთს.

წყარო: რადიო თავისუფლება