ოპოზიციური პარტიების მთავარი სალაპარაკოა ,,პუტინი არის ივანიშვილი და ივანიშვილი არის პუტინი” – საიდანაც არ უნდა დაიწყონ ლაპარაკი, აუცილებლად დაამთავრებენ ან ივანიშვილით ან პუტინით ან ორივეთი ერთად – პაატა ზაქარეიშვილი

უაღრესად მიუღებელია და მანკიერია, რომ მოქმედი ხელისუფლება მუდმივად საუბრობს წარსულზე, მაგრამ მას სხვა სალაპარაკო არ აქვს არაფერი – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ,,ჯიემთივისთან“ საუბარში განაცხადა.

გარდა ამისა, მისივე თქმით ოპოზიციური პარტიების მთავარი სასაუბრო თემა არის ივანიშვილი და პუტინი იმ დროს, როდესაც ხალხს სჭირდება დედაქალაქზე, ქუჩებზე, ხელფასებზე საუბარი.

,,ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას საკმაოდ აქტიურად აწარმოებს. მე მთაწმინდაზე ვცხოვრობ და უკვე ორჯერ იყო საარჩევნოდ კარდაკარ ჩამოვლა ,,ქართული ოცნების“ აქტივისტების. სხვა პარტიები ჯერჯერობით არ ჩანან. ისედაც ჩანს ტელევიზიით, რომ ,,ქართული ოცნება“ აქტიურობს. რამდენად მოიპოვებს მოსახლეობის ნდობას ეგ სხვა საქმეა. ,,ქართული ოცნების” მთავარი ამოცანა არ არის, რომ ნდობა მოიპოვოს მოსახლეობაში, ბევრი რამე არ გაუკეთებია ამისთვის. მისთვის მთავარია, რომ ოპოზიცია არ იყოს საქართველოში ძლიერი და ოპოზიციამ არ წაიღოს ხმები. აქ ნამდვილად კარგად მუშაობს ,,ქართული ოცნება“ წარსულის გახსენებით. აქედან გამომდინარე, მგონია რომ ოცნება ნამდვილად მშვიდადაა იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი პოპულარულები არ არიან, არც ოპოზიციაა პოპულარული. როგორც ადამიანი, ყველა ცუდ წარსულსა და ცუდ აწმყოს შორის, მაინც ცუდ აწმყოს ირჩევს. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ,,ქართული ოცნება“ ხალხისთვის ,,ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო მიუღებელია. ამ ლეგენდას და მითს კარგად ამუშავებს ოცნება და ამაში ეხმარება მას ,,ნაციონალური მოძრაობა“, განსაკუთრებით კი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სულ ჩამოსვლაზე ლაპარაკობს. არ ჩამოდის, მაგრამ მუდმივად ქმნის განცდას საზოგადოებაში, რომ ჩამოდის და ეს ნამდვილად კარგად მუშაობს ოცნებისთვის“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით ხელისუფლება ლაპარაკობს წარსულზე, იმირომ რომ მას სხვა სალაპარაკო არაფერი აქვს.

,,რა თქმა უნდა მოქმედი ხელისუფლება, რომელსაც უნდა რომ დარჩეს მთავრობაში უნდა საუბრობდეს მომავალზე. უაღრესად მიუღებელია და მანკიერია, რომ მოქმედი ხელისუფლება მუდმივად საუბრობს წარსულზე, მაგრამ მას სხვა სალაპარაკო არ აქვს არაფერი. აწმყოზე აბა რა ილაპარაკონ?! კორონა ვირუსზე, ჩავარდნილ ვაქცინაციაზე თუ სიკვდილიანობის მაღალ დონეზე?! სრულიად არაფერი არ აქვთ მათ სალაპარაკო აწმყოზე. ეს არის დამღუპველი პოლიტიკისათვის და საზოგადოებისათვის, მაგრამ საზოგადოება ამას ყლაპავს და იტანს, ეს არის სწორედ მიზეზი რატომაც საუბრობენ ისინი მუდმივად სულ წარსულზე.

მე ვერ ვხედავ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიას. ყველაზე აქტიურები არიან ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ძალები, ჯაფარიძე, ,,ევროპული საქართველო“, ხოშტარიას პარტია. ოპოზიციური პარტიების მთავარი სალაპარაკოა – ,,პუტინი არის ივანიშვილი და ივანიშვილი არის პუტინი”.  საიდანაც არ უნდა დაიწყონ ლაპარაკი, აუცილებლად დაამთავრებენ ან ივანიშვილით ან პუტინით ან ორივეთი ერთად. ისინი ვერანაირად ვერ გამოდიან ამ მდგომარეობიდან.  საზოგადოებას სჭირდება ლაპარაკი რეგიონებზე, თბილისზე, ქუჩებზე, სკვერებზე, სახლებზე, კანალიზაციაზე, სასმელ წყალზე,“ – აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.