პარტია “საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები კანდიდატებს აშანტაჟებენ და ფულის სანაცვლოდ გიორგი გახარიას პარტიიდან წასვლას სთავაზობენ

პარტია “საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მათი პარტიის  პროპორციული სიაში მყოფებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს აშანტაჟებენ და ფულის სანაცვლოდ პარტიიდან წასვლას სთავაზობენ.

მისივე თქმით, დაშინებასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში სოლიდური თანხების შეთავაზებაა, თუ კი ისინი წარდგენების შემდგომ საჯაროდ გააკეთებენ განცხადებებს.

“ჩვენ ვემზადებით საარჩევნო პროცესისთვის და ძალიან მალე წარდგენები გვექნება. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს კანდიდატებზე ზეწოლას ახორციელებენ და რიგ შემთხვევაში სოლიდური თანხის შეთავაზება ხდება, იმისთვის რომ წარდგენების შემდგომ განცხადებები გააკეთონ ჩვენი გუნდის დატოვების შესახებ.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამის გამოცდილება ბათუმის ოფისთან დაკავშირებით გვაქვს, მინდა მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის ზეწოლა და მოსყიდვაც არ უნდა განხორციელდეს, ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვაშინებთ.

ქართველი ხალხი აუცილებლად გიპასუხებთ არჩევნებზე და ეს პასუხი იქნება თქვენი ხელისუფლების ცვლილება, ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. კონკრეტული მაგალითებისგან თავს შევიკავებთ ამ ეტაპზე, თუმცა ინფორმაცია ჩვენამდე მოდის, ადამიანებისგან, მიუხედავად მათი დაშინებისა, აძლევენ თავს უფლებას, რომ ამის შესახებ გაგვაფრთხილონ და აქედან გამომდინარე ბრიფინგი გავმართეთ. დაშინებასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში სოლიდური თანხების შეთავაზებაა, თუ კი ისინი წარდგენების შემდგომ საჯაროდ გააკეთებენ განცხადებებს“,- აცხადებს ირაკლი მიქელაძე.