“ქართული ოცნება“ – 44,7%,“ენმ” – 32,6% – მმართველი გუნდი ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გივი მიქანაძემ ქუთაისში პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა. მისი ცნობით, ქუთაისის მასშტაბით კვლევაში მონაწილეობა 987-მა რესპონდენტმა მიიღო.

„პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები ასეთია – „ქართული ოცნება“ – 44,7 პროცენტი; „ნაციონალური მოძრაობა“ – 32, 6 პროცენტი; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,1 პროცენტი; „საქართველოსთვის“ – 2,9 პროცენტი; „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2, 6 პროცენტი; „გირჩი მეტი თავისუფლება“ 2,5 პროცენტი; „ლელო“ 2,3 პროცენტი; „ევროპული საქართველო“ – 2,2 პროცენტი; „მოქალაქეები“ – 1,5 პროცენტი; „ლეიბორისტული პარტია“ – 1,5 პროცენტი; „გირჩი“ – 0,4 პროცენტი; „ერთიანი საქართველო“ – 0,4 პროცენტი; სხვა პარტიები 3,3 პროცენტი.

ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ასეთი შედეგებით რომ დასრულდეს, 3-პროცენტიან ბარიერს მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ 11 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსი“ ერთი მანდატი.

მერის თანამდებობაზე კი იოსებ ხახალეიშვილის რეიტინგი 50,3 პროცენტია, ხატია დეკანოიძეს 37,8 პროცენტი, სხვა დანარჩენ კანდიდატებს აქვთ 11,9 პროცენტი“, – განაცხადა მიქანაძემ.