საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს იმისთვის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იყვნენ – ცესკო-ს პრესსპიკერი

ცესკო-მ, ის სამართლებრივი აქტები განაახლა, რომლებიც როგორც წინა საარჩევნო პერიოდში ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს არეგულირებს , – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

„დღეს გამართულ სხდომაზე საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ეხება. საუბარია იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებზე, რომლის დაცვაც ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მოუწევთ. განისაზღვრა არჩევნებში მონაწილეობის წესი იზოლაციაში მყოფი პენიტენციურ დაწესებულებებსა და სტაციონარულ -სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის. ასევე, რეგულაციები და ქცევის წესები როგორ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის.

ამ დადგენილებით დარეგულირდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირების სხვა პირით ჩანაცვლების წესები, ასევე, სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფის შექმნის წესები. დადგენილება განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე,“- განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესში ამომრჩევლები მაქსიმალურად კომფორტულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში იყვნენ.

„სწორედ ამიტომ ცესკო-მ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ფართების მოძიება. ისეთი ფართების, რომლებიც შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებენ. ამ სამუშაოების შედეგად შერჩეული უბნების უმრავლესობა ბუნებრივი ვენტილაციითაა უზრუნველყოფილი და იძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. ამავე მიზეზით, 150-მდე საარჩევნო უბნის ლოკაცია შეიცვალა, ხოლო 500-მდე საარჩევნო უბანი უფრო დიდ ფართებში განთავსდა. საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცადა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გათვალსიწინებით ამომრჩეველი იმავე ლოკაციაზე დარჩენილიყო, სადაც გასული წლის არჩევნებზე აძლევდა ხმას, მათთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად. უშუალოდ არჩევნების დღეს, უმეტეს უბნებზე, კენჭისყრის პროცესები დიდ დარბაზებში იქნება ორგანიზებული, იმ შენობა-ნაგებობების სივრცეში, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიებია განთავსებული. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც გასულ წელს, ისე 2021 წლის არჩევნებზე მოქალაქეები დაიცავენ იმ ნორმებს, რომლებიც ცესკომ დაადგინა. ასევე, გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.