ჩვენ ვახერხებთ, რომ დაბალანსებული პოლიტიკით არა თუ არ დავხუროთ და შევზღუდოთ ეკონომიკა, არამედ ამ პირობებში მივაღწიოთ რეგიონსა და მსოფლიოში უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას – ნათია თურნავა

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მთელი ჩვენი რესურსები არსებითად გადართულია პანდემიასთან ბრძოლისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან სწრაფი ტემპით აშენდეს ჰაწვალის ახალი, ულტრათანამედროვე საბაგირო; ეს არის დაახლოებით 34 მილიონი ლარის ინვესტიცია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სვანეთს უდიდესი შენატანი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში.

„ბატონმა პრემიერმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რა სირთულეებიც დაატყდა მთლიანად გლობალურ ეკონომიკას და მათ შორის, საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ვებრძვით ამ უხილავ მტერს, პანდემიას და ჯერ არ ჩანს ბოლო, ჩვენ ვახერხებთ, რომ დაბალანსებული პოლიტიკით არა თუ არ დავხუროთ და შევზღუდოთ ეკონომიკა, არამედ ამ პირობებში მივაღწიოთ რეგიონსა და მსოფლიოში უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რას ნიშნავს ეს თქვენთვის – თქვენთვის ეს ნიშნავს, რომ თუნდაც პანდემიის პირობებში, როდესაც გლობალურად ტურიზმი არის შესუსტებული, ტარდება ზაფხულის სეზონი. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2019 წელი, როდესაც თქვენ უმასპინძლეთ სულ მცირე 150 000 უცხოელ ვიზიტორს და სვანეთი იყო ერთ-ერთი ნომერი პირველი რეგიონი მასპინძლობის თვალსაზრისით. რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით ქართველ სტუმარზე, ტურისტზე, ვინც დღესაც ჩამოდის სვანეთში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.