“აღარ არის გიორგი ქადაგიძე, მაგრამ სხვა დანარჩენი “ქადაგიძეები” ისევ ადგილზე რჩებიან”

   საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნა უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების მომსახურებას აძვირებს, ვინაიდან მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავალი აქვს ლარში და არა დოლარში. შესაბამისად, დევალვაცია მოსახლეობის ჯიბიდან ზედმეტი თანხის ამოღების ძალზე ეფექტური საშუალებაა. ფაქტობრივად, იგი ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, ანუ იმ ნაწილს, რომელიც რჩება ადამიანს პირადი მოხმარებისთვის.

“ლარის დევალვაცია დაბლა სწევს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ამით იზღუდება ხარჯები და ეს ნიშნავს, რომ მთლიანად ვარდება მოთხოვნა ეკონომიკაში; ხოლო მოთხოვნის მკვეთრი შემცირება კი კრიზისის წინაპირობაა. ამიტომ გაუფასურება მოქმედებს არა მარტო სესხების საპროცენტო განაკვეთზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე და, მათ შორის, ბიზნეს აქტივობაზეც”, – აღნიშნა ლია ელიავამ და შეკითხვის საპასუხოდ, თუ რამდენი მილიონი ლარით გაუძვირდათ მსესხებლებს კრედიტები წლის განმავლობაში, აცხადებს, რომ კონკრეტული ციფრები არ დაუთვლია და ამის ერთადერთი მიზეზია ლარის გამუდმებული ვარდნა. შეჩერდება თუ არა ეს პროცესი, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამდენად, როდესაც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება ლარი, მაშინ ექნება აზრი ზედმეტობის დათვლას.

რაც შეეხება დევალვაციით დაზარალებული მსესხებლების უფლებების დაცვას, ელიავა გამოსავალს იმაში ხედავს, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა სავალუტო კურსი და საპროცენტო განაკვეთები მართვადი გახადოს. წინააღმდეგ შემთხვევში, ჩვენს ეკონომიკას ნულოვანი პერსპექტივა ექნება.

ექსპერტის თქმით, დღესდღეობით ეროვნულ ბანკში აღარ არის გიორგი ქადაგიძე, მაგრამ სხვა დანარჩენი “ქადაგიძეები” ისევ ადგილზე რჩებიან. ამდენად, ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო სესხების გაძვირება არ უნდა გაგვიკვირდეს.

კომენტარის დატოვება