სალომე ზურაბიშვილი – მკაცრად ვგმობ ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას, ევაკუაცია უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას გმობს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მკაცრად ვგმობ ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას. ვლოცულობ დაღუპული ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის. ევაკუაცია უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად. საქართველო გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინც ევაკუაციას ახორციელებს და გამოხატავს სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

გუშინ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს 90 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა 12 ამერიკელი სამხედრო, დაიჭრა 158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.