ლევან დავითაშვილი – კახეთში ძირითადი სტიქია შეეხო მევენახე ფერმერებს და დაზარალდნენ, მათი მოწეული პროდუქცია სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში ჩაბარდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი განცხადებით, კახეთის რეგიონში ძირითადად დაზარალდნენ მევენახე ფერმერები, რომლებსაც სახელმწიფო დაეხმარება და ზრუნვის გარეშე არ დატოვებს.

როგორც დავითაშვილი ამბობს, ფერმერები დაზიანების სხვადსხვა ხარისხის მიუხედავად, ყურძენს სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში ჩააბარებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, 26 აგვისტოს კახეთის რეგიონში იყო მნიშვნელოვანი სტიქია, რომელმაც ძირითადად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგაობები. შესაბამისად, სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა რეაგირება. როგორც იცით, პირველივე დღიდან რთველის საკოორდინაციო შტაბმა დაიწყო ზარალის შეფასება, დაზუსტება. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 5 ათასი ჰექტარია დაზიანებული კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ძირითადად არის თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები. არის სოფლები, სადაც დაზიანება 100%-მდეა, თუმცა არის რაიონები, სადაც 30-დან 50%-მდე ზარალს ველოდებით.

მოხდა დეტალური შეფასება. 5 ათასი ჰექტარიდან ძირითადად დაზიანებულია ვენახები, ეს არის როგორც საფერავის, ისე რქაწითელის ვენახები. ასე რომ ძირითადი სტიქია შეეხო მაინც მევენახე ფერმერებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მყისიერად მომხდარიყო ფერმერებთან კომუნიკაცია, რომ მათ მიერ მოწეული პროდუქცია, მიუხედავად კონდიციისა (დასეტყვილი დაზიანება), დაზიანების სხვადსახვა ხარისხის მიუხედავად, ჩაბარდება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.