ნათია თურნავა: იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება

პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს პროგრამა საშუალებას მისცემს ოჯახებს მათი კეთილდღეობა გაიზარდოს და საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ.

„პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ის პროგრამაც, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. პირველი სექტემბრის შემდეგ, ასეთ ოჯახებს, ვისაც სურვილი აქთ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ბინა შეიძინონ, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც საშუალებას მისცემთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ“,- აღნიშნავს თურნავამ.

მისივე თქმით, პირველი სექტემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი კომპონენტები შედის ძალაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებასა და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას.

„ის საწარმოები, რომლებიც ჩართული არიან საექსპორტო წარმოებაში ან არიან იმპორტის კონკურენტები და ემსახურებიან იმპორტის ეტაპობრივ შემცირებას და ჩანაცვლებას, ახალი პროგრამებისთვის ერთდროულად მიიღებენ როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე პროექტის 15 პროცენტით (არაუმეტეს 500 000 ₾) საგრანტო თანადაფინანსებას გავუწევთ ბანკების წინაშე, ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება, მაქსიმუმ 10 წლის ვადით. ეს პროგრამა ემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.