გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე – 9 წლის წინ რა ხდებოდა, ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა – ირაკლი კობახიძე

გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე, 9 წლის წინ რა ხდებოდა,­ ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა და განმარტა, თუ რატომ საუბრობს მმართველი გუნდი წინა ხელისუფლებაზე წილი საარჩევნო კამპანიის დროს.

მისივე თქმით, 9 წლის წინ საქართველოში იმდენად ცუდი რაღაცები ხდებოდა, რაც ქვეყანაში აღარასდროს უნდა განმეორდეს, ეს კი სწორედ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა.

„ჩვენი კამპანიის 90% ეთმობა საუბარს იმაზე, თუ რა გავაკეთეთ და რას ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ, 10%-ს თუ ვსაუბრობთ ჩვენს ოპონენტებზე და მათ შორის, მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიაზე, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი ნებისმიერ პოლიტიკურ კამპანიაში.

ყოველი მეოთხე ამომრჩეველი ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც არის ძალიან მძიმე მოცემულობა. ერთ – ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათ საკუთრებაშია სამი სატელევიზიო არხი, რომელსაც თავისი მაყურებელი ჰყავს, თავისი გავლენა აქვს და ბუნებრივია, მათი მაყურებელი მოქცეულია შესაბამისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ორი ძირითადი რესურსი აქვს „ნაცმოძრაობას“, რასაც იყენებს არჩევნებს შორის პერიოდშიც და არჩევნების დროსაც, ეს არის ხალხიგან მოპარული ფული, რომელსაც სააკაშვილი დღემდე ხარჯავს, მათ შორის, არჩევნებზე, მეორე ეს არის მედია, რომელსაც ამ ფულით ინახავს. ტელევიზიებსაც ამ „შავი ფულით“ ინახავენ. მაგალითად რომ აიღოთ კონკრეტული ტელევიზიების თანამშრომლები, ნახავთ, რომ ძალიან დიდ ნაწილს შავად ურიგდებათ ხელფასები. უბრალოდ, მედიაზეა საუბარი და შემდეგ მოჰყვება ამას სპეკულაციები და შეიძლება უწყებებიც თავს იკავებენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ შავი ფული ტრიალებს ქართულ მედიაში“, – განაცხადა კობახიძემ.