თამარ გაბუნია – არავაქცინირებული ადამიანი გახდება დარტყმის პირველი და ძალიან ძლიერი სამიზნე, ამიტომ სწრაფი ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია

ახალი ტალღების მოლოდინი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანას აქვს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისი იმუნური ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში და რეგულაციების უგულებელყოფას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნია ამბობს, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კიდევ დიდხანს იქნება საჭირო.

„ეს არის არის მიზეზები, რამაც შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ტალღა გამოიწვიოს. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალურად ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღის გავრცელება ისეთი სისწრაფით, რომელიც მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა. მთავარი ისევ არის დაწესებული რეგულაციების დაცვა, განსაკუთრებით პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კიდევ დიდხანს დაგვჭირდება, ამისი ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობა გლობალურად ხდება, ახალი წამლები ჩნდება და მნიშვნელოვანია  სიახლეებზე გაყოლა, რათა მოსახლეობას მედიკამენტებზე წვდომა ჰქონდეს.

„სწრაფი ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება დარტყმის პირველი და ძალიან ძლიერი სამიზნე. მნიშვნელოვანია, ძალიან მცირე დარჩეს საზოგადოებაში არავაქცინირებული ჯგუფი, ეს იქნება დაცვის საშუალება.

ასევე, ჯანდაცვის სექტორის განვითარების კუთხით მზაობა მიმდინარეობს. იცით, რომ რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობა გლობალურად ხდება. ახალი წამლები ჩნდება და ჩვენც რა თქმა უნდა, მივყვებით ამ სიახლეებს. ამ პრობლემის კიდევ ერთი გადაწყვეტა იქნება, რომ ახალი მედიკამენტების მარაგი ჩვენს საზოგადოებასაც ჰქონდეს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.