კახა კუჭავა – ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, არ ერეოდეს იმ ქვეყნის საქმეებში, რომლის მოქალაქეც აღარ არის

მიხეილ სააკაშვილისგან არაერთხელ მიგვიღია მსგავსი დაპირება, რომ ჩამოდის, ოღონდ ვის რატომ უნდა შეეშინდეს, ეს არის კითხვა. მისი ჩამოსვლა მისი ნებაა, ჩამოვიდეს და შესაბამისი პასუხიც გაეცემა მის ვიზიტს საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები დაძაბულობის შექმნას ემსახურება.

„ვისურვებდი, რომ ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, არ ერეოდეს იმ ქვეყნის საქმეებში, რომლის მოქალაქეც აღარ არის. თავისი ნებით დათმო მოქალაქეობა, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. აკეთოს, რა განცხადებაც უნდა და როგორც უნდა, ისე მოიქცეს. რა თქმა უნდა, მისი განცხადების მოლოდინიც ეს არის ალბათ მისი მხრიდან, რომ დაძაბულობა შექმნას. თუმცა, ფაქტი ერთია, საქართველოში ხალხი დაიღალა დაძაბულობით, აგრესიით. არჩევნები ჩატარდება თავისუფალი, დემოკრატიული და იმ ახალი პროცესის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით განვახორციელეთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. არჩევანი იქნება მოსახლეობაზე, რომელსაც მიიღებს ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება კმაყოფილი და ვინ არა“, – განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.