სტუდენტებში ვაქცინაციის ტემპი მაღალი არაა, უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება საყურადღებოა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სკოლასა და საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლის დაწყებაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით საყურადღებო ვითარებაა უნივერსიტეტებში, რადგან სტუდენტების ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის მაღალი.

“ტენდენცია კეთილსაიმედოა, კლების ტემპი, პედაგოგებში ვაქცინაციის პროცესის კარგი მაჩვენებელია. ზოგიერთ სკოლაში პედაგოგების ორჯერ ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 60%-ს აღწევს. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა.

უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი, სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდნენ სტუდენტები და პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად ჩაიტარონ აცრა”,- თქვა თამარ გაბუნიამ.