მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

18 ნოემბერს, 12 საათზე, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში (ი. აბაშიძის გამზ. #26) მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გახსნის. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვა გადაეცემა პარლამენტის უხუცეს წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას წაუძღვება.

პარლამენტის პირველსავე სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარე. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით კი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევით დასრულდება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 124

  1. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;

ბ) ქმნის კომიტეტებს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს მათ თავმჯდომარეებს;

გ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარის დატოვება