კორონავირუსის ახალი ე.წ. „მიუ“ შტამის გავრცელება ახალ რისკებს ქმნის – სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღებს – თამარ გაბუნია

კორონავირუსის ახალი ე.წ. „მიუ“ შტამის გავრცელება ბუნებრივია, ახალ რისკებს ქმნის. რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ეს შტამი, ძალიან რთულია ამაზე ახლა, ამ ეტაპზე, საუბარი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც ყველა დაბეჯითებით ამბობს, „მიუ“ და სხვა ახალ შტამებთან მიმართებით არის ვაქცინაციის აუცილებლობა.

„რისკები მას თეორიულად შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა, ეს უფრო მაღალი იქნება თუ უფრო ნაკლები „დელტა“ და სხვა შტამებთან შედარებით, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია. ერთადერთი, რასაც ყველა დაბეჯითებით ამბობს, „მიუ“ და სხვა ახალ შტამებთან მიმართებით არის ვაქცინაციის აუცილებლობა. რაც სწრაფად მოხდება მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია, ინდივიდუალურ ქვეყნებში, ასევე გლობალურად ეს არის მთავარი გადარჩენა. დაშვება არის, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის, მათი ბუნებიდან და ტექნოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არის ეფექტური. მთავარია სწრაფი ვაქცინაცია. ახალი შტამის გავრცელება ბუნებრივია, ახალ რისკებს ქმნის. რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ეს შტამი, ძალიან რთულია ამაზე ახლა, ამ ეტაპზე საუბარი. მთავარი დაცვა არის ის, რომ ახალ შტამს დახვდეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში იმუნური ძლიერი ფენა. ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და გაფართოება 60-ის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. იმიტომ, რომ ახალი შტამი „მიუ“ იქნება თუ რამე სხვა გადავიტანოთ და დავხვდეთ მას მაქსიმალური დაცვით“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ კორონავირუსის ახალ ტალღებს.

ვერასდროს გამოვრიცხავთ სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და გარკვეულწილად სარისკო ცვლილებების პირობებში, ამდენად, რა თქმა უნდა, მოლოდინი ზოგადად არის, რომ შესაძლებელია, იყოს სხვა ტალღაც. ამისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. ჯერ რთულია საუბარი, ეს არ იქნება უახლოეს მომავალში, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღებს. ნოემბრის დასაწყისი ძალიან ადრეა, ეს იქნება უფრო ახალი წლის შემდეგ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.