იქცევა თუ არა ზუგდიდში დაგეგმილი ატესტაცია „არასასურველი” მოხელეების გათავისუფლების მექანიზმად?

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

თუკი გავითვალისწინებთ ადგილობრივი თვითმმართველობების, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუროკრატიული აპარატის ზომას, შესაძლოა, სწორი იყოს მსჯელობა გარკვეული სახის რეორგანიზაციის ჩატარების შესახებ, თუმცა ეჭვეს იწვევს ის გარემოება, რომ ატესტაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არჩევნების (საპარლამენტო და გამგებლის რიგგარეშე) მეორე ტურის ჩატარებიდან 2 დღეში იქნა მიღებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გამოსცა ბრძანება გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების შესახებ, რომელიც 17-19 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. ატესტაციასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მომართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ატესტაცია მმართველი ძალისათვის „არასასურველი” მოხელეების გათავისუფლების მექანიზმად იქცეს. ჩვენ შევისწავლეთ ის გარემოებები, რაც ამ საკითხს ახლავს თან და მიგვაჩნია, რომ გარკვეული კითხვები ნამდვილად ჩნდება პროცესის სანდოობასა და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, არ დაუშვას ატესტაციის პროცესის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვება.
ატესტაციის ჩატარების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 2 ნოემბრის N15-ე მიმართვა ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისადმი.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე არის ლაშა გოგია, რომელმაც გაიმარჯვა 2016 წლის ოქტომბერში გამართულ ზუგდიდის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში. ლაშა გოგია გამგებლად არჩევამდე ზუგდიდის საკრებულოს თავმდჯომარის თანამდებობას იკავებდა.
ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გურგენ სართანიამ ატესტაციის დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაგეგმილია რეორგანიზაციის განხორციელება. ზუგდიდის გამგეობაში შესაძლო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა მიმდინარე წლის ივნისშიც, რა დროსაც გამგეობის ყველა თანამშრომელმა მიიღო გაფრთხილება გამგეობაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. თუმცა რაიმე სახის რეორგანიზაცია ამ პერიოდში ზუგდიდის გამგეობაში არ განხორციელებულა.
ზუგდიდის გამგეობიდან მიღებული წერილით დგინდება, რომ ატესტაცია შეეხება გამგეობაში დასაქმებულ 182 საჯარო მოხელეს, რომელთა უმეტესი ნაწილი დაკავებულ თანამდებობებზე 2015-2016 წლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად არიან დანიშნულები.
თუკი გავითვალისწინებთ ადგილობრივი თვითმმართველობების, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუროკრატიული აპარატის ზომას, შესაძლოა, სწორი იყოს მსჯელობა გარკვეული სახის რეორგანიზაციის ჩატარების შესახებ, თუმცა ეჭვეს იწვევს ის გარემოება, რომ ატესტაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არჩევნების (საპარლამენტო და გამგებლის რიგგარეშე) მეორე ტურის ჩატარებიდან 2 დღეში იქნა მიღებული;
საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” უარი უთხრა, რათა ჩვენი წარომადგენლების მეშვეობით დაკვირვება განგვეხორციელებინა ატესტაციის პროცესზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გამოგზავნილ წერილში ატესტაციის პროცესის დაკვირვებაზე უარის მოტივად მითითებულია ის გარემობა, რომ “კომისიის შემადგენლობაში არიან საზოგადოების წარმომადგენლები: მ. ნაჭყებია (საზოგადოება “ზუგდიდელები”), ბ. ჭეჟია (გამგებლის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე) და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებიდან ლ. ალანია”. აღსანიშნავია, რომ მურმან ნაჭყებია – საზოგადოება “ზუგდიდელების” წარმომადგენელი მიმდინარე წლის 14 მაისს გამართული პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობაზე პარტიის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა (ფოტო გადაღებულია “ქართული ოცნების” მიმდინარე წლის 14 მაისს გამართულ ყრილობაზე).
მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის მდგრადი და სტაბილური საჯარო სამსახურის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლების, მისი რომელიმე შტოს ან ცალკეულ თანამდებობის პირთა ცვლილებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატის, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარება, ისევე როგორც რეორგანიზაცია ან მოხელეთა თანამდებობიდან განთავისუფლება. მსგავსი ცვლილებები უმეტესწილად პოლიტიკური და ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს შეიძლება შეეხოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოზიციით აუცილებელია:

  • ატესტაციის ჩატარებამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი რეორგანიზაციისა და მისი მიზნების შესახებ;

  • პირველ ეტაპზე ჩატარდეს რეორგანიზაცია და შემდეგ ატესტაცია, რადგან რეორგანიზაციის მთავარი მიზანი კადრების ოპტიმიზაცია და შესაბამისი ცვლილებების საშტატო ნუსხაში ცვლილებების ასახვაა. ატესტაციის პარალელურად ან წინსწრებით ჩატარება და ისეთი კადრების თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა, რომლებიც შესაძლოა, რეორგანიზაციის პროცესში გაუქმებული/შემცირებული ან მისი შესასრულებელი სამუშაო კორექტირებული იქნას, გამოიწვევს რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას და პროცესის არაეფექტურობას. ასევე, რეორგანიზაციისა და ატესტაციის პარალელურად ჩატარება დამსაქმებლის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უფრო მეტ საფუძველს გააჩენს და დაუცველს გახდის დასაქმებულ საჯარო მოხელეებს;

  • საჯარო მოხელეთა ატესტაცია ჩატარდეს საჯაროობის, გამჭვირვალობის, ობიექტურიობის, კანონიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით;

  • კონკრეტული საჯარო მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს მოხელის კვალიფიკაციის, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამოსობის და არა რაიმე სახის პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად;

  • საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა თუ სხვა ხელმძღვანელ პირთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან;

  • ატესტაციის შედეგად რომელიმე საჯარო მოხელის განთავისუფლება ან მისი დაქვეითება მაქსიმალურად უნდა იყოს დასაბუთებული, ასევე ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ატესტაციის შედეგად გამოთავისუფლებულ პოზიციაზე ახლადაყვანილი პირების სამსახურებრივი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ.

კომენტარის დატოვება