გია ვოლსკი – თაკო ჩარკვიანის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღება მიიპყროს და მისი სახელი დღის წესრიგში იყოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განაცხადებით, წინაასაარჩევნო პერიოდში თაკო ჩარკვიანის განცხადება ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით ემსახურება ხალხის ყურადღების მიპყრობას.

„წინაასაარჩევნო პერიოდში თაკო ჩარკვიანის განცხადება, როდესაც მისი პოლიტიკური რესურსი არცთუ მოძლიერებულია, პოპულისტურია იმ მიზნით, რომ ყურადღება მიიპყროს და მისი სახელი დღის წესრიგში იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ვოლსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს.

„ასეთი ინფორმაცია არ არსებობს. ადრე იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი აპირებდა გვირაბის გათხრას უკრაინიდან თბილისამდე, რაზეც მისმა მეუღლემ ისაუბრა. იყო ინფორმაცია, რომ ჩამოსვლის ორგანიზებას აპირებდა, რათა ნიკა მელიას დაპატიმრების პერიოდში, როცა გახარიამ შემხვედრი ნაბიჯი გადადგა, საზღვართან ჩოჩქოლი შეექმნა. ის, რომ რაიმეს დაგეგმვა და ორგანიზება ხდება, ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ინფორმაცია თუ აქვთ სპეცსამსახურებს, არ არიან ვალდებული, გაგიზიარონ. იქით თაკო ჩარკვიანი, აქეთ გუბაზ სანიკიძე ცდილობენ, მათი სახელი ისმოდეს. გუბაზ სანიკიძეს სენტიმენტები აქვს, ისტორიასაც გადაწვდა. გაცილებით მეტი სხვა პრობლემა არსებობს, რაზეც საჭიროა, წონიანი პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის,პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. ჩარკვიანის თქმით, ორგანიზაციის სახელწოდებაა „საერთო სახალხო მოძრაობა“.