სოზარ სუბარი: როგორც ჩანს სხვა კანდიდატებს აქვთ დასამალი და ამიტომაც იკავებენ თავს ნარკოტესტის ჩაბარებისგან

არის გარკვეული ტიპის ნარკოტიკები, რომლებიც ხუთი-ექვსი დღის ან 10 წლის მერე სისხლში მათი აღმოჩენა გაცილებით რთულია. როგორც ჩანს ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მზად არიან ნარკოტესტი ჩააბარონ, ოღონდ მაშინ, როცა მათ უნდათ, სწორედ ამ ვადის გასვლას ელოდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა “იმედის“ ეთერში საუბრისას  განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კალაძის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის უკან არა მხოლოდ ნარკოტესტის პასუხი, არამედ მისი გაკეთებული საქმეები დგას.

„როგორც ჩანს სხვა კანდიდატებს აქვთ დასამალი და ამიტომაც თავს იკავებენ ნარკოტესტის ჩაბარებისგან. არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მომხმარებლები არიან, ამას არ მალავენ, თუმცა არიან ისეთი კანდიდატები, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ მათ არაფერი აქვთ დასამალი, აუცილებლად ჩააბარებენ ნარკოტესტს, თუმცა, მაქსიმალურად წელავენ ამ ვადას და გაწელვა რასაც ემსახურება, სპეციალისტები ამას პირდაპირ ამბობენ. არის გარკვეული ტიპის ნარკოტიკები, რომლის სისხლში აღმოჩენაც ხუთი-ექვსი დღის ან 10 წლის მერე გაცილებით რთულია. როგორც ჩანს ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მზად არიან ნარკოტესტი ჩააბარონ, ოღონდ მაშინ, როცა მათ უნდათ, სწორედ ამ ვადის გასვლას ელოდებიან. სხვა ახსნა ამას არ აქვს, იმიტომ, რომ ეს არ არის კანონით მოთხოვნა, ეს არის ჩვენება, თუ რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ ახალგაზრდებს. რით მოვდივართ საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან. როდესაც კახა კალაძე ეუბნება ახალგაზრდობას, რომ ჯანსაღი წესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის პოპულარიზაციასაც ის აკეთებს, მის უკან არა მხოლოდ ნარკოტესტის პასუხი, არამედ მის მიერ გაკეთებული საქმეები დგას, ათასზე მეტი სკვერი, პარკი, მაღალხარისხიანი სტადიონები თბილისში. ათეულობით ახალი სპორტული კომპლექსი, რომლებშიც ათასობთ-ათიათასობით ბავშვი ვარჯიშობს და მისი ცხოვრება, რომელიც მართლა არაფერია, თუ არა მაგალითი ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.