ნინო ლომჯარია – შინაგანი რწმენა მაქვს, რომ საქართველოში ხორციელდება უკანონო მიყურადება, ასეთი ფაქტები მკაცრი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს

ავთენტურობაზე ვერაფერს გეტყვით, პირადად მე ნაკლებად მაქვს შეკითხვები, ხომ არ არის მსგავსი ფაქტები გაყალბებული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ავთენტურობაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, როგორც მედიით ასევე ჩვენთან ცალკეული განმცხადებლები საუბრობენ ამ თემებზე. პირადად მე ნაკლებად მაქვს შეკითხვები, ხომ არ არის მსგავსი ფაქტები გაყალბებული. სამწუხაროდ, მაქვს შინაგანი რწმენა, რომ საქართველოში ხორციელდება უკანონო მიყურადება და თვალთვალი პირად ცხოვრებაზე. მიუხედავად მისი სტატუსისა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მისი პირადი ცხოვრება იყოს დაცული. არავის აქვს უფლება, ეს ინფორმაცია შეაგროვოს და ვინმეს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ამ ფაქტების შესწავლით დავინტერესდით. ასეთი ფაქტები არ უნდა დარჩეს მკაცრი რეაგირების გარეშე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იყოს პირის პერსონალური მონაცემები და მედიამ გაშუქების დროს სტანდარტი დაიცვას.

„ასეთი ინფორმაციის გავრცელებისას მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული პირის პერსონალური მონაცემები. ის ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას, უნდა იყოს დაფარული. ეს არის ძალიან პერსონალური მონაცემი და მისი გაშუქების დროს მედიამ უნდა დაიცვას სტანდარტი. თუ ეს ასე არაა, ეს არის დარღვევა. მედიას მოვუწოდებ, ასეთი რამ თუ ხდება, არ დაუშვან და მკაცრად გააკონტროლონ, რაც პირის ინდენტიფიკაციას მოახდენს. თუმცა, ვფიქრობ, ამაზე მსჯელობა არის მედიის მოვალეობა და მათ უნდა გააშუქოს ასეთი ფაქტები“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

ვრცელდება სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლის მიერ  გამოქვეყნებული  ფაილები, რომელიც პირდაპირ საპატრიარქოს და რიგი სასულიერო პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ მღვდელმთავარს საყვარელი ჰყავდა, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა.