მამუკა ხაზარაძე – მოსმენები არის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც დაწყებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა

მოსმენები არის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც დაწყებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა, არათუ გადმოიბარეს, არამედ გააძლიერეს, გააფართოვეს – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„პრაქტიკულად, ყველაფერს შეეხნენ, ამის მმართველი და შემოქმედი არიან „ქართული ოცნების“ ის პოლიტიკოსები, რომელთაც ქვეყნის მართვის სხვა უნარი არ გააჩნიათ. ამის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და თავის დროზე იდგა მიხეილ სააკაშვილი. ამ ქვეყანაში ეს უნდა დასრულდეს, ყველას მოეთხოვება პასუხი კანონის შესაბამისად. ახლა არ მოეთხოვებათ? – ახალი ხელისუფლება მოსთხოვთ პასუხს. ეს არის ბინძური კამპანია, რომელსაც ვემიჯნებით. ძალადობა ხდება მოქალაქეებზე, ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე და ამით ხდება შანტაჟი. ეს არის დანაშაული და ის მეთოდი, რომელიც არც ერთი ცივილური საზოგადოების თავში არ მოვა. სპეცსამსახურის მუშაობა მესმის, მაგრამ მათი მუშაობა იმას უნდა ეფუძნებოდეს, რომ გამოავლინოს აგენტები და ის ხალხი, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ებრძვიან, მაგრამ საკუთარ ინსტიტუციაზე, ეკლესიის წინააღმდე ბრძოლა წარმოუდგენელია. უნდა დაიწყოს გამოძიება, ჩემი ჩანაწერებიც არის და ყველას მოვუწოდებ, ვისი სახელიც არის ნახსენები, ამის გამოძიება ყველამ უნდა მოვითხოვოთ. ეს ყველაფერია სახელმწიფოსა და მოქალაქეების საწინააღმდეგოდ. როცა ქვეყანაში ასეთი რამე ხდება, მინიმუმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა. ეს ჩაწერები დღეს არ დაწყებულა, წინა პრემიერის დროს, იმის წინა პრემიერის დროს დაიწყო და „ქართული ოცნება“ არის იმის გამაფართოებელი, რა უმანკო ჩვევაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო“, – განაცხადა ხაზარაძემ.