თეონა აქუბარდია – მეგის ქარდავას ექსტრადირება და ამით სამართლიანობის აღდგენის მტკიცება იმ პირობებში, როცა 9 წელია „ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში, სასაცილოა

ეს შოუ პოლარიზების გაძლიერებას ემსახურება – ქარდავას ექსტრადირება და ამით სამართლიანობის აღდგენის მტკიცება იმ პირობებში, როცა 9 წელია „ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში, სასაცილოა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც მეგის ქარდავას ექსტრადირებას გამოეხმაურა.

აქუბარდიას თქმით, ქარდავას ექსტრადირება უნდა განვიხილოთ „წინასაარჩევნოდ პოლარიზებული გარემოს კიდევ უფრო დაძავის ჭრილში, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ქმნის”.

„ღარიბაშვილი მოსახლეობას ვერანაირ რეალურ საქმეს ვერ ანახებს და ამ შოუებით მას სურს ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს შოუც ამ პოლარიზების გაძლიერებას ემსახურება. 9 წლის თავზე მეგის ქარდავას ექსტრადაცია, იმ პირობებში როცა 9 წელია „ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ახლა ამის მტკიცება, რომ სამართლიანობა აღადგინა, არის სასაცილო და ეს არანაირ მიზნად არ ისახავს სამართლიანობის განცდის აღდგენას, ამიტომ ეს არის შოუ, რომელიც დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა და ამ შოუს დავასრულებთ 2 ოქტომბერს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისათვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება კიევიდან თბილისში დღეს განხორციელდა. საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.