ნიკა სიმონიშვილი – პრემიერი პოლიტიკური ქულების დასაწერად 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერი პოლიტიკური ქულების დასაწერად 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სიმონიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი ხალხს ატყუებს.

„პრემიერი ხალხს უტიფრად ატყუებს, პოლიტიკური ქულების დასაწერად ტელევიზიაში ყოფილ პრემიერს აკისრებს 20 ივნისზე პასუხისმგებლობას, მაგრამ დაზარალებულების პროცესზე შსს მოდის და იმას ამბობს, არაფერ შუაში ვართ ჩვენო. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”, – წერს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარიას ხელწერა უდანაშაულო ადამიანების თავლების დათხრაა.

„ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე პარტიის ოფისში ვიყავი ღამე და ვკითხულობდი სად არის წყალი, გაზი. დაუშინეს და მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს – აი, ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.