ჟოზეფ ბორელი: არ მესმის, უფრო ძლიერი ევროპა ნატოსთვის შეშფოთების საგანი რატომ შეიძლება იყოს – რაც უფრო ძლიერი იქნება ევროპა, მით უფრო ძლიერი იქნება ნატო

არ მესმის, უფრო ძლიერი ევროპა ნატოსთვის შეშფოთების საგანი რატომ შეიძლება იყოს, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა PBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„არ მესმის, უფრო ძლიერი ევროპა ნატოსთვის შეშფოთების საგანი რატომ შეიძლება იყოს. რაც უფრო ძლიერი იქნება ევროპა, მით უფრო ძლიერი იქნება ნატო, რადგან ჩვენ ნატოს ნაწილი ვართ. საუბარი ჩანაცვლებაზე არ არის. ევროპელების სამხედრო შესაძლებლობები ნატოს ავსებს. ეს ალტერნატივა არ არის. ჩვენ უნდა შეგვეძლოს დამოუკიდებლად მოქმედება იმ სიტუაციებსა და შემთხვევებში, სადაც აშშ-ის ან ნატოს ჩარევის მოლოდინი არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მარტო მოქმედება უნდა შევძლოთ“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.