ნათია მეზვრიშვილი ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლაზე – ეს ის პრემიერი გახლავთ, რომელიც ოპოზიციას დაემუქრა და ქვეყნის მოღალატეები უწოდა

რომელ დემოკრატიულ გარემოზე ვსაუბრობთ და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარებაზე?! – ეს ის პრემიერი გახლავთ, რომელმაც ოპოზიციას ქვეყნის მოღალატეები უწოდა და დაემუქრა არჩევნების შემდეგ ძალიან ბინძური მეთოდების გამოყენებით“,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, ის დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ ამ აგონიას ამომრჩეველი ხედავს და 2 ოქტომბერს შესაბამის არჩევანს გააკეთებს“.

„მე ვუსმინე მის წინა გამოსვლებს, რომელიც სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებელი იყო. ეს ის პრემიერი გახლავთ, რომელმაც 13 სექტემბერს გააკეთა განცხადება, დაემუქრა ოპოზიციას, ქვეყნის მოღალატეები უწოდა და დაემუქრა არჩევნების შემდეგ ძალიან ბინძური მეთოდების გამოყენებით. რომელ დემოკრატიულ გარემოზე ვსაუბრობთ და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარებაზე?! სამწუხაროა, მე ეს ყველაფერი არ მიხარია, ამ ყველაფრით ზარალდება სახელმწიფო. დარწმუნებული ვარ „ოცნების“ ამ აგონიას ხედავს ამომრჩეველი და 2 ოქტომბერს შესაბამის არჩევანს გააკეთებს ეს ხალხი“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნებები ხდება“. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და საქართველო კვლავ ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრია მსოფლიოში.

ამასთან, პრემიერის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩავატარეთ და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული.